Wednesday, January 30, 2013

გერგეტი

გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი. აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“.

ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ

No comments:

Post a Comment