სამთავრო, ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე.
ქართულ საისტორიო წყაროებში ("მოქცევაჲ ქართლისაჲ", "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა") მოიხსენიება, როგორც "გარეუბნისა ეკლესია" და "ზემო ეკლესია" (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ სვეტიცხოვლის ტაძრისა, რომელსაც "ქუემო ეკლესია" ეწოდებოდა. V საუკუნის 20-30-იან წლებში, არჩილ მეფის დროს, მირიანის მიერ აშენებული სვეტიცხოვლის ტაძარი დანგრეულა და იონა
მთავარეპისკოპოსს კათედრა ზემო ეკლესიაში გადმოუტანია: "შემდგომად მეფობდა
არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და
იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო".სწორედ ამ დროიდან ეწოდა "ზემო ეკლესიას " სახელად "სამთავრო", როგორც მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას.
სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ნაგებობას. წინა
ხანის ნაგებობათაგან განსხვავებით აქ გეგმა დამოკლებულია, გუმბათი ეყრდნობა
არა 4 თავისუფლად მდგარ ბოძს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 2 ბოძსა და
საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს 2 სართულად
განლაგებული გვერდითი სათავსებია. ტაძარი როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი
და მოხატული იყო. კანკელი მოგვიანებითაა აღდგენილი. ტაძარს სამხრეთიდან
მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე . მეორე
მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის
დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი
კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და
ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად
აღდგენილი.
No comments:
Post a Comment