უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა
და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში,
გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის
გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი
(რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს
მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ
უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე
კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან
ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები
განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო
გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან
აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა
დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.
No comments:
Post a Comment